ვიღაცებს რომ ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, მათი პრობლემაა, ამ საკითხზე მათ ნაცვლად ვერ ვიტირებ, ჟურნალისტებმა უკეთ იცით, ვინ ტირის, არ მინახავს ატირებული მელია, რა გავაკეთო, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას: „რეგიონებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებთ, რომ იქნება გამჭვირვალე პროცესი, მაგრამ თქვენს მოქმედ თანაგუნდელებს აქვთ განცდა, რომ არჩევნების მიზანია, მელიას ხალხი ჩამოშორდეს მართვის სათავეებს რეგიონებში. რეალურად, არის თუ არა ეს მიზანი?“
„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილებები ვეღარ და აღარ მიიღება. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამას არ მიიღებს არც ხაბეიშვილი, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პარტიული თანამდებობის პირი, ამას მიიღებს ამომრჩეველი. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს და ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს, თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მას შეუძლია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ხაბეიშვილის ან მელიას მხარდაჭერა კი არა, მიიღოს ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს არის მნიშვნელოვანი. ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, ეს მათი პრობლემაა. მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ამ საკითხზე ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი სამიზნე. მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გულისხმობს თუ არა ნიკა მელიას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ეს უტრირებულია“.
„თქვენ უკეთ იცით, ვინ ტირის. არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებს ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებასთან დაკავშირებით: „ნაყოფიამ თქვა, რომ შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი და განმარტა, რომ პოლიტსაბჭო ჩატარდა კანონდარღვევით, 10 000-კაციანი ყრილობით არჩეული პოლიტსაბჭო 250-მა კაცმა გადაირჩია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი მელიასა და ხაბეიშვილის გუნდებს შორის. აპირებთ თუ არა, თავიდან ჩაატაროთ პოლიტსაბჭოს სხდომა“, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ვინმეს გუნდი“.
„არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი „ნაციონალურ მოძრაობაში“. სხვა გუნდები ბუნებაში არ არსებობს. ვინმე თუ მელიას გუნდად თვლის თავს, შეუძლია, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შესაბამისი პარტიით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის გუნდი არ არსებობს, განსაკუთრებით ხაბეიშვილის გუნდი. აქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ერთი გუნდი და არის მიშას გუნდი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში.
„ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის, ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია, ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული პარტია. სხვათა შორის, საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როგორითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირჩევენ თავმჯდომარეს და იგივე იქნება მუნიციპალურ დონეზე. აბსოლუტურად ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის და იქნება არჩევითი, მეტიც, ფართომასშტაბიან, დიდ მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. ასევე ცხადია, ყველა ეს ადამიანი, რომელიც იქნებიან არჩეული ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში პარტიის თავმჯდომარეებად, ეყოლებათ წარმომადგენელი პოლიტიკურ საბჭოში. შესაბამისად, ამ წუთას, თბილისის ჩათვლით, 73 მანდატი არის არჩევნების გზით გასათამაშებელი.
ამასთან, ჩემი აზრით, ანეკდოტია, როდესაც ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად, რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. ანეკდოტია, ცოტა სასაცილოა, არასერიოზულია ამაზე საუბარი, ორი თვის წინ იყო არჩევნები. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება, გაჰყვეს, ან რამდენი ხანი შეიძლება, ამაზე ინერვიულონ. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები თუ ვინმეს უნდა, არის ორ წელიწადში ერთხელ, მოემზადონ და შესაბამისად, მიიღონ მონაწილეობა. ნაყოფიას პასუხად გითხარით, არჩევნები რომ იქნება მუნიციპალიტეტებში. პოლიტსაბჭოს არჩევნებია, როცა ვამბობთ, რომ 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება არჩევნები. ანუ პოლიტიკური საბჭოს 63 მანდატი მათ შორის გათამაშდება. ამაზე ღია, გამჭვირვალე წესი ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ყველას შეეძლება პარტიის შიგნით ჰყავდეს კანდიდატი, ღია არჩევნებით მოიპოვოს მანდატი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.