პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ იყო, რადგან ის მიმდინარეობდა იმ გამოძიების პარალელურად, რომელსაც „ქოლცენტრების საქმეზე“ უცხოური და ქართული საგამოძიებო ორგანოების პროფესიონალები აწარმოებენ.
„ჩემი აზრით, დიპლომატიის ექსპერტის და პოლიტიკოსის გარკვეული პოზიციები, პათოსი, დამოკიდებულება საკითხების მიმართ გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისგან და ამას ემატება კიდევ ჟურნალისტის დამოკიდებულება, რომელიც რასაკვირველია მიუხედავად სარედაქციო პოლიტიკისა, მაინც გარკვეულ სკანდალურ თემაზეა ორიენტირებული, მითუმეტეს თუ ეს ქვეყნისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან თემას ეხება. აქედან გამომდინარე, ვერ შევისისხლხორცებ სხვა ამ ჩამოთვლილი დარგებიდან ვერავის ფუნქციას, მაგრამ სანამ არ არის სასამართლოს მიერ დადასტურებული, დანაშაულის ფაქტი არ არსებობს, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი რამ, მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ იყოს ეს. BBC-სის ავტორიტეტი არის ხელშეუხებელი და ეს არის ყველაზე დიდი, უშველებელი, თანაც სახელმწიფო ტელევიზია და მისი ავტორიტეტი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ თავად ჟურნალისტური გამოძიება იყო ძალიან სპეციფიკური. ის იმ გამოძიების პარალელურად ვითარდებოდა, რომელსაც მაღალი დონის პროფესიონალები ატარებდნენ, მათ შორის ქართული საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები. იმის მტკიცება, რომ ახლა გაახსენდათ და უცებ საზღვარგარეთიდან შემოგვძახეს და ჩვენ გაგვახსენდა, რომ საქართველოში არის ე.წ. ქოლცენტრები, არის არასწორი, ტყუილი და სიცრუე. ამ თემაზე დიდი ხანია უკვე მუშაობენ. მეორე, ეს ქოლცენტრების თაღლითური სქემის გახსნა საკმაოდ რთული პროცედურაა და იმიტომ არის ჩართული ასეთი რაოდენობის საგამოძიებო რესურსი და ამას დაემატა ჟურნალისტიკა, რომელმაც ეს ყველაფერი წარმოადგინა და რეალობა შეიქმნა ასეთი - არსებობს თუ არა ბინძური ფული, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური ძალები, ადამიანები, ამ ბინძური ფულით დაფინანსებული, იყო თუ არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურა დასახელებული და არჩეული „ნაცმოძრაობის“ ლიდერად მაგალითად. იყო თუ არა ამ პოლიტიკური ფიგურის გარშემო შეკრებილი ადამიანების დაფინანსება სწორედ იმ წყაროსგან და ა.შ. ეს კითხვები, ეს სურათი, ეს სქემა იმდენად ახლოს მივიდა კეზერაშვილის სახელთან და გვართან, რომ ახლა მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ფორიაქი რასაც ვუყურებთ, ჩვენს თვალწინ რაც ვითარდება“, - განაცხადა ვოლსკიმ „ქრონიკაში“.