თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წითელ პარასკევს, გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
„უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს. ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, აი, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მანამდე, სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულდა. მსახურების დროს ასევე შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.
გარდამოხსნა საკურთხევლიდან სასულიერო პირებთან ერთად მეუფე შიომ გამოაბრძანა.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება, როგორც რომ მაცხოვარი აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ.