ჩემი პოზიცია უცვლელია - მე მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ პირველად გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, ის შედეგები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილი მძიმე მეტალებით მოწამლული არ ყოფილა.
„ისიც არ ვიცი, ზუსტად ანალიზები გააგზავნეს თუ არა „ლიმბახის” ლაბორატორიაში. იმდენად აღარ მაქვს ნდობა არავის, რომ მართალი გითხრათ, ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ალასანიამ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.