ლაშა ფარულავა: დარწმუნებული ვარ, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდება მიუკერძოებელი გამოძიება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი

ლაშა ფარულავა: დარწმუნებული ვარ, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდება მიუკერძოებელი გამოძიება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი

BBC-ის ფილმი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ საქართველოში არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელსაც საქართველოს მთავრობა კვალიფიციურად არ იძიებს და სწორედ ამიტომაც ვრცელდება სხვადასხვა დასავლურ წყაროში ინფორმაციები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდება მიუკერძოებელი გამოძიება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. ორგანიზებულ დანაშაულსა და საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულის არსებობაზე სრული პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა ფარულავამ.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.