გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით ორი მოსამართლე - ნინო ელეიშვილი და ბადრი კოჭლამაზაშვილი მიემგზავრება. ორივე სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეა.
მანამდე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა, რაც სოლიდარობის ერთგვარი აქტია, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - აცხადებს გვრიტიშვილი.