კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტის და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრ „ისთ-პოინტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს CBD Development-ი დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს.
კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო, უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა.