იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „ფეისბუქზე“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის კახა წიქარიშვილის გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მოსამართლე წერს, ვიდეოში წიქარიშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა გამართულია, თუმცა ვინაიდან მათ კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ, ძალაუნებურად უწევთ ,,ახალი ველოსიპედის“ გამოგონება.
მისი თქმით, კახა წიქარიშვილის აღიარება ადასტურებს რეალურ მიზეზს, რის გამოც მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება.
„ამ სტატუსზე დართულ ვიდეორგოლში შეგიძლიათ იხილოთ ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენლის და მართლმსაჯულების სისტემის მკვეთრი კრიტიკოსის (რომელიც უშუალოდ მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით მუშაობს) - კახა წიქარიშვილის გამოსვლა და, რეალურად, თვითაღიარება საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 19 დეკემბერს, სადაც ის პრაქტიკულად ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა გამართული და ,,სუპერია“ (პირდაპირი ციტირება), თუმცა ვინაიდან მათ კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ, ძალაუნებურად უწევთ ,,ახალი ველოსიპედის“ გამოგონება (ესეც ციტირება) და პარადოქსულ ცვლილებებს ითხოვენ: ორმაგი 2/3-იან კვორუმს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობის გაუქმებას და ა.შ., რაც, მისივე აზრით, არ არის კარგი, თუმცა - სხვა გზა არ აქვთ და ამ მეთოდით მუშაობს მთელი არასამთავრობო სექტორი, ანუ - კონკრეტული პერსონების გამო მზად არიან და დიდი ძალისხმევით ცდილობენ, დააზიანონ მართლმსაჯულების საკანონმდებლო ბაზა და ის რეფორმები, რაც, ამავე აღიარებით, გამართული და სრულიად მისაღებია, თუმცა უწევთ უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების მოთხოვნა და შესაბამისად, კარგი და მართებული სისტემის მიზანმიმართული დაზიანება, კონკრეტულ მოსამართლეებთან ბრძოლის საბაბით“, - წერს მოსამართლე.
მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება.
„შეგახსენებთ, რომ კახა წიქარიშვილი, სწორედ აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის ლიდერ სხვა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, შეახვედრეს საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს - მაიკ პომპეოს 2020 წლის 18 ნოემბერს. აი, ეს აღიარება უდავოდ ადასტურებს რეალურ მიზეზს, რის გამო მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩემი კოლეგების სანქცირების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მათი კორუფციაში ჩართულობის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, უმძიმეს ბრალდებას. შირმაა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ ,,ქართველი ხალხის გვერდით დგას“. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება, რომელიც ნამდვილად არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და არც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება საქართველოში“, - წერს გვრიტიშვილი.