დავით მათიკაშვილი მოსამართლეებზე: ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს, პირველ რიგში, ის სტრატეგიულ პარტნიორს უნდა გაუცვალოს

დავით მათიკაშვილი მოსამართლეებზე: ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს, პირველ რიგში, ის სტრატეგიულ პარტნიორს უნდა გაუცვალოს

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს ან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს, ის პირველ რიგში, სტრატეგიულ პარტნიორს უნდა გაუცვალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც იგი აშშ-ის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გაუგებარია, სახელმწიფო დეპარტამენტმა თუ რაზე დაყრდნობით გააკეთა აღნიშნული განცხადება. მათიკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო სამართალში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სანქცია, ნებისმიერი პასუხი უაღრესად დასაბუთებული იყოს და უტყუარ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარებოდეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს ან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს, ის პირველ რიგში, სტრატეგიულ პარტნიორს უნდა გაუცვალოს და მას მიაწოდოს შესაბამისი რეაგირებისთვის. როდესაც ჩვენი პარტნიორი ასეთ ნაბიჯს არ დგამს და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ხდება გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით, ჩვენთვის ახლაც გაუგებარია, რას ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა, ხდება ასე უაპელაციოდ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დადანაშაულება, ძალიან სერიოზული ბრალდებით და ამავდროულად, არცერთი რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირებმა მართლაც ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს დანაშაული, ეს მტკიცებულება არ მიეწოდა საზოგადოებას და მხოლოდ იმ ინფორმაციით შემოიფარგლა, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, რა თქმა უნდა, ეს ტოვებს განცდას, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ხელისუფლების მესამე შტოში, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.