დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პირველი დასკვნა იყო დადებითი - მათ აქვთ 6 შენიშვნა, რასაც გავიზიარებთ და საქმე ეხება ამ 6 გაზიარებული შენიშვნის გადაგზავნას ვენეციის კომისიაში. მთლიანობაში მათი შეფასება არის დადებითი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამბობენ, რომ უნდა დაზუსტდეს 6 საკითხი - ექვსივე არის არსებითად ტექნიკური. ანუ, უკვე გვაქვს კანონპროექტზე დადებითი დასკვნა და დაველოდებით ამ 6 დაზუსტებაზე დამატებით დასკვნას. ამის შემდეგ, ივნისის ბოლომდე მივიღებთ ამ კანონს. მათ თქვეს, რომ ამ კანონის მიღება შესაძლებელია გარკვეული დაზუსტებებით. უკრაინაში უკვე მოქმედებს ეს კანონი და მას ძალიან მაღალი შეფასება მისცა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. იმისათვის, რომ იქ არ იყოს დაშვებული გარკვეული ხარვეზები, ისინი მიგვითითებენ 6 საკითხის დაზუსტებაზე. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან. რაზეც საუბრობდა კეზერაშვილი და დადო აღიარებითი ჩვენება, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენა პოლიტიკაზე, შავი ფულით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას, შესაბამისად, ის არის ოლიგარქი. ამიტომ საჭიროა კანონის მიღება, რომ სადაც არის ოლიგარქიული გავლენები, იქ მოხდეს რეაგირება. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არაა საჭირო დეოლიგარქიზაცია, მაშინ არ მივიღებთ ამ კანონს. თუ დეოლიგარქიზაცია საჭიროა, მაშინ მივიღებთ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ“, - აცხადებს კობახიძე.