ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს

ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. 6 აპრილს, რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს, ლევან შალამბერიძეს სტარტაპ გრაინდი უმასპინძლებს.

ქართველი ინვესტორი ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გლობალური ინვესტიციების შესახებ საკუთარ ცოდნას გაუზიარებს, რომელიც მან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით მიიღო.

ლევან შალამბერიძეს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1 000 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები.  ის ძირითად აქცენტს ფინტექზე აკეთებს, თუმცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მან სადაზღვევო ტექნოლოგიების მიმართულებასაც გაუხსნა გზა.

ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ თემებს: გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ მილიარდიანი ფინტექ მოლაპარაკებებიდან განვითარებადი ქვეყნების ჭრილში; ფინტექის როლი ქართულ ეკონომიკაში; ბაზრის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

„საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ხელს უწყობს ფინტექ სფეროში ჩართული საზოგადოების ცოდნის  განვითარებას და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს საინტერესო ღონისძიებებს.  ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფინტექ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის მიცემა - შექმნან ახალი კომპანიები და აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად.  ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მომავალ დამფუძნებლებსა და ინვესტორობით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიგონ მეტი, როგორც ინვესტიციის მოზიდვის ეტაპებსა და გამოწვევებზე, ასევე ინვესტორების ხედვებსა და ღირებულებებზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.

ცნობისთვის, Startup Grind-ის ინიციატივით წლების განმავლობაში თბილისმა ისეთ გამოცდილ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს უმასპინძლა, როგორებიც არიან ბილ რეიჩერტი, მარვინ ლიაო, შილ მოჰტონი და სხვები.  ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. რეგისტრაციის გავლას კი, მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://go.bog.ge/3U5O1ld

საქართველოს ბანკთან ერთად ღონისძიების პარტნიორები არიან: Nexia TA, Entrepreneur.com, MediaLab, Dev.ge.