ზოგიერთ პარტიას ნამდვილად ეტყობა, რომ დავით კეზერაშვილი ინტელექტუალურად ეხმარება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რაზეც ისაუბრა დავით კეზერაშვილმა საჯაროდ, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რადგან თუ შეხვალთ შესაბამის ვებ-გვერდებზე, პარტიებს ასეთი დაფინანსება არ აქვთ დეკლარირებული. შესაბამისად, ოპოზიციის ლიდერებმა ამაზე განმარტება უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი ემალება მართლმსაჯულებას და მის მიმართ სერიოზული ბრალდებები და სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს, თუ საიდან აქვს მას ფული, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკაში ხარჯავს.
„როდესაც ჩვენ ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესში ვართ და ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, რომ ოლიგარქიის რეგულირებაზე კანონი მიიღეთო, მთავარ არგუმენტებად მოჰყავთ ის, რომ „ქართული ოცნება“, პოლიტიკური პროცესი და არჩევნები არავინ უნდა დააფინანსოს. ჩვენ სრული მზადყოფნა გამოვთქვით, კანონი შევიმუშავეთ და ინიცირებული გვაქვს, ახლა განვიხილავთ. ამ ფონზე, პარალელურ რეჟიმში საუბრობს [კეზერაშვილი], რომ ის აფინანსებს ოპოზიციურ პარტიასა და მედიას. პრინციპში, მან პირდაპირ დაადასტურა, რომ ის რეალურად გახლავთ ოლიგარქი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.