ვინც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის, პოლიტიკურ პრეფერენციაზე არ არის საუბარი, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი უახლოესი მეგობარი და ნათესავი რომ იყოს იმასაც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის მსჯავრდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ასეთი მარტივი ლოგიკა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულება არის მხოლოდ და მხოლოდ ინსინუაცია და ისტერიული მცდელობა, რომ დაიცვან ადამიანი, რომლის მიმართაც შესაძლოა გარკვეული ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჰქონდეთ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ვიხილეთ მაგალითად აქციაზე. როგორ შეიძლება ცივილიზებულს სამყაროში და სახელმწიფოში მესაუბრებოდნენ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახებია და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.