თავისი თაობის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე დგას, ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად დაწვა დაუპირა. არამარტო ერთს, არამედ რამდენიმეს, რომელთაც შეიძლებოდა ეს ცეცხლი მოსდებოდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას.
„რეალურად ეს შინაარსს აჩვენებს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფებისა, რომელთანაც გვაქვს საქმე და რომლებიც გვარწმუნებენ, თითქოს მზად არიან პარლამენტში შემოვიდნენ და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დაიწყონ მუშაობა. საფრთხე აშკარაა და ამ საფრთხეს ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარების მცდელობა, რომელიც ყოველთვის დღის წესრიგში იყო, მათ შორის სააკაშვილის რესურსის გამოყენებით. ამ სცენარმა ისეთი სახე შეიძინა, რომელსაც არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.