ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას ორშაბათს მისცემს. მან ასევე აღნიშნა, რომ გრიგორიადისი ამ დრომდე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.
უფლებადამცველის განმარტებით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ.
„განჩინება ახლა ჩაიბარე, კანონით დადგენილ ვადაში ვაპირებ რომ გავასაჩივრო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. რაც შეეხება ლაზარეს, ამ ეტაპზე მისი პოზიცია არის შეცვლილი და დუმილის უფლება გამოიყენა კანონით მინიჭებული, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში ორშაბათს მოვინახულებ, ჩამოვყალიბდებით და ჩვენებას აუცილებლად მისცემს“, - განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.