საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საუბარი იმაზე თითქოს 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმარია, არის ძალიან საშიში პრეცედენტი.
„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ეს პიროვნება“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.