RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.

უჩა ვარამაშვილი:

„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში.“ - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.

ვაჟა მენაბდე:

,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის  განვითარებაში. 

პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის კონტრიბუცია შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

„სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 2021 დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კეთილდღეობასა და განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების წახალისება და მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ინიციატივების, რომლებიც მათ სამეწარმეო საქმიანობასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. მერსი ქორფსთან თანამშრომლობა და RDYE პროექტის მხარდაჭერა ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ასევე, შესაძლებლობას აძლევს მათ, წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში.“ - სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ირაკლი ქასრაშვილი:

„მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს 25-ზე მეტი პროექტი სათემო მობილიზაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საბაზრო სისტემების განვითარების, გენდერის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. RDYE პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.

__________________________________________________________________________________________________

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.

ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად  ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი.

ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.

ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.