„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტყვედ აყვანილია მისი ოჯახის წევრების, მხარდამჭერებისა და პატრონების მხრიდან. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში სამხედრო ტყვეა.
„როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძეს „ნაცმოძრაობაშიც“ აღარ დაედგომება - იქ არეულობაა. ახლა ის ფიქრობს, რაღაც მკვეთრი განცხადებებით სადმე მოიპოვოს ადგილი. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტყვედ აყვანილია მისი ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან, მეტიც - მისი პატრონების მხრიდანაც კი. სააკაშვილი არ მკურნალობს. მისი და ექიმების ინტერესები თანხვედრაში არ არის. საერთოდ აბსურდია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა როგორმე უკავშირდებოდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გუბაზ სანიკიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, რეკომენდაციების შესრულება საკმარისი პირობა არ იქნება იმისათვის, რომ ევროპამ მიგვიღოს. მისივე განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში სამხედრო ტყვეა.