მისი წარმოდგენა, მით უმეტეს რუკებზე და მისი წარმოდგენა ამ პროცესზე, ვფიქრობ, რომ ძალიან შორს არის სინამდვილისგან, - ასე უპასუხა დავით-გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა არქიმანდრიტ კირიონის განცხადებებს, რომლებიც სასულიერო პირმა „იმედი LIVE“-ის ეთერში გააკეთა.
„ის ვერ აღიქვამს ზუსტად ვერც იმ დოკუმენტებს და ვერც იმ მონაცემებს, რაც წაკითხული ან გაგონილი აქვს ვინმესგან, იმიტომ, რომ არ არის ამაში ჩახედული. 2005 წელს მართლაც წარმოიშვა რაღაც პრობლემა, როდესაც ერთ-ერთმა მამაომ დაიწყო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩიჩხიტურის კოშკში, საზღვარზე. აქ წარმოიშვა პრობლემა, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ იაქტიურა და არ დაუშვა ეს, ვინაიდან ეს საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთია და სარესტავრაციო ან სამშენებლო სამუშაოების გაკეთება არ შეიძლება მეორე მხარესთან შეუთანხმებლად. თუმცა, მაშინ ეს პრობლემა მოგვარდა.
შეზღუდვები, როგორც ასეთი, შეიქმნა 2019 წელს. ეს მოჰყვა იმ არასასურველ მოვლენებს, რაც არ უნდა განვითარებულიყო. პრეზიდენტი ავიდა, სურათები გადაიღო, გადავიდა იქით მხარეს მეორე მხარესთან შეუთანხმებლად. ეს გამწვავება ამას მოჰყვა. გარდა ამისა კიდევ ვიღაცები ავიდნენ დროშებით და ა.შ.“, - განაცხადა მელაშვილმა.
„ქვეყანა კარგავს 3500 ჰექტარ ტერიტორიას, რადგან ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით“, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებმა განზრახ დაუშვეს შეცდომა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.