ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანაზე გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ უნდა მიიღოს.
„როგორც ვხედავთ, „ვივამედი“ პასუხისმგებლობას იხსნის მკურნალობაზე იმ მოტივით, რასაც ის ამბობს, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის სამინისტრომ. ისევე, როგორც გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პოლონელი ექიმების დროულად შეშვებაზე მიხეილ სააკაშვილთან, როდესაც ვსაუბრობთ მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეზე, რომელიც მას ემუქრება“, - განაცხადა აქუბარდიამ.
კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.