ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადება გაავრცელა.

„სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის მოვლენების ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსა და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომლებიც სარგებელს იღებენ მათი მუშაობიდან. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და შეახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.