საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას; ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას. 7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს“, - წერია განცხადებაში.
ახლადარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე საათის წინ მივიდა, სადაც შეკრებილებმა კვერცხები ესროლეს.