საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ დეპუტატს შეენახა ბოთლი, რომელიც ხელში ეჭირა.
„ქალბატონო ანა წითლიძე, თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ეჭვია, რომ რაღაცას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს, გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა. სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში და გთხოვთ, რომ ჩააბაროთ. ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, ნდობა იმის მიმართ, რომ რაღაც ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის და გადაჯექით მაშინ იქით მხარეს“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძეს.
ამის შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა წითლიძეს მოთოხვეს, ბოთლი შეენახა, რაზეც მან უარი თქვა, რაც შეძახილების მიზეზი გახდა. უმრავლესობის წევრებმა მას მოუწოდეს – „დალიე“.
ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე ხმაურია. მათი შეძახილები მოჰყვა გურამ მაჭარაშვილის გამოსვლის დასრულებას.
ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ გამოსვლები პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაიწყონ.
პროცედურის შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა კითხვებს უპასუხა. ახლა პოლიტიკური დებატები იწყება, სადაც მხარეებს პოზიციების დაფიქსირება შეუძლიათ, რის შემდეგაც, სიტყვით გამოსვლის უფლება კომიტეტის თავმჯდომარეებსაც ექნებათ.