დღეს განიხილებოდა ორი ისეთი საკითხი, რაც ევრორეკომენდაციებშია და პრაქტიკულად, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ამას არ ესწრებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ.
„ხვალ განვიხილავთ საკითხებს, მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა კანონპროექტებს. სხვათა შორის, იქ არის ერთი კანონპროექტი, რაც უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება და ეს საკითხი მომდინარეობს ევრორეკომენდაციებიდან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი [ოპოზიცია] ბოლო დღეების უკიდურესად სპეკულაციური კამპანიის ფონზე, თითქოს ევროპასთან მიმართებით, დღეს განიხილებოდა ორი ისეთი საკითხი, რაც ევრორეკომენდაციებშია და პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ამას არ ესწრებოდა. რამდენად თავალთმაქცურია მათი დამოკიდებულებები, ამითაც ნათელია. ამ საკითხსაც განვიხილავთ ხვალ და ეს საკითხიც გაივლის ბიუროს. მთელი დღე დაგვჭირდება ჩვენ ამ კონკრეტული საკითხისთვის, ანუ აგენტების შესახებ ამერიკული კანონების [ორივე ვერსიის] განხილვისთვის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხუთშაბათს გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.