საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსს მართავს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, კონკურსის გამარჯვებულს აქვს შანსი, გაემგზავროს ლონდონში და მიიღოს მონაწილეობა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 6 მარტს დასრულდება.
პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
პირველი ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები წარადგენენ საკუთარ ესეს თემაზე „ერთა შორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარტო მთავრობებს არ უნდა ეხებოდეს“. 30 საუკეთესო თემის ავტორი გადავა მეორე ტურში და წარდგება ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე, რომელიც 10 საუკეთესოს შეარჩევს.
მესამე ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და II-III საპრიზო ადგილის მფლობელი კონკურსანტები. გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.
„საქართველოს ბანკის მიზანია, ახალგაზრდებისთვის შექმნას ახალი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათი პოტენციალის გამოვლენას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის აქტიური მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარებს, სწავლობენ საჯარო მეტყველების თავისებურებებს და საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, შეჯიბრში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 6 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: britishcornerbc@gmail.com, ესეს მოსამზადებლად დრო კი 22 მარტამდე ექნებათ.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. დღეს პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000 - მდეა.