ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ საერთო პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი უპატიოსნესი ადამიანი და განათლებული, პროფესიონალი იურისტია, თუმცა მის სახალხო დამცველად არჩევას შესაძლოა პარტიულმა კუთვნილებამ შეუშალოს ხელი.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია იოსელიანის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ, ომბუდსმენის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
„თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით, სხვაზე რესურსი, მგონია, რომ საერთოდ იკეტება. თუ მთავრდება აქ მსჯელობა და ამაზეც ვერ ვთანხმდებით, პრაქტიკულად გამოირიცხება მერე შეთანხმდება და ვარდება [რეკომენდაციების] ერთი პუნქტი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.