ოპოზიციის წარმომადგენლები მობრძანდნენ საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც განიხილება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, არგუმენტები მოიტანონ, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, შევხვდით ლიდერების დონეზე და ვთქვით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ ორივე კანონი. პირველი მოსმენით ვაპირებთ რომ ორივეს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ორივეს სამივე მოსმენით მხარს ხომ ვერ დავუჭერთ, ამას ხომ უნდა ხვდებოდნენ?! ჩემთვის სასურველია, რომ გავიდეს ქართული ვერსია, რადგან არის ბევრად ლიბერალური, რბილი და ემსახურება მხოლოდ გამჭვირვალობას. ვენეციის კომისია ამას აზღვევს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ვაპირებთ ერთი შემთხვევის გარდა - თუ ვენეციის კომისიამ, ამერიკულ თარგმანზე თქვა, რომ ეს რუსულიაო, მაშინ ამას ვერ გავითვალისწინებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.