მამუკა მდინარაძე: გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბენეფიციარებს ეუბნებიან - „იძულებული გავხდები შეგიწყვიტო დაფინანსება“, ამას ამბობენ საქართველოში გრანტის მიმღებები

მამუკა მდინარაძე: გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბენეფიციარებს ეუბნებიან - „იძულებული გავხდები შეგიწყვიტო დაფინანსება“, ამას ამბობენ საქართველოში გრანტის მიმღებები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შიში და შფოთვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თანაბრად შეეხება მათ მიერ დაფინანსებულ ადამიანებსაც, გადაჭარბებულია.

როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიანთ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათ დაფინანსება შეუწყდებათ.

„დღეს საქართველოში ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დადიან და ეუბნებიან თავიანთ თანამშრომლებს, ბენეფიციარებს, რომ „იძულებული გავხდები შეგიწყვიტოთ დაფინანსება“, ოღონდ გრანტის მიმცემები კი არა, საქართველოში გრანტის მიმღებები, ამ ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი კადრულობს ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.