„კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა

„კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა

საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. 2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა.

დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა, პოზიციის 25 ადგილიანი წინსვლით.

საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა.

„კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის მოწინავე ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს. ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს: დაცულობა და უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, მმართველობა, სოციალური კაპიტალი, საინვესტიციო გარემო, სამეწარმეო კონდიცია, ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის ხარისხი, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).