დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი ორივე კანონპროექტს მხარს პირველი მოსმენით დაუჭერს.

„პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას“, - განაცხადა ხუნდაძემ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.