გურამ მაჭარაშვილი: კასიანოვის განცხადება არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა

გურამ მაჭარაშვილი: კასიანოვის განცხადება არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა

ეს არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა. ეს არის შეურაცხყოფა და უბინძურესი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ამას არ წამოვეგებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ანდრეი კასიანოვი და უკრაინის ხელისუფლების ბევრი თანამდებობის პირი საქართველოს მისამართით ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოიხმარენ ხოლმე, როგორსაც რუსეთის მისამართით არ იყენებენ. ერთი წლის თავზეც კი, ჩვენ დღეს გავაკეთეთ განცხადებები, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენ ვართ რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი. 400-მდე საერთაშორისო აქტზე გვაქვს ხელი მოწერილი უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის საწინააღმდეგოდ. ასევე, პირველად ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში თავს გრძნობენ დაცულად და კომფორტულად. სხვათა შორის, წარმომიდგენია, რა დისკომფორტს განიცდიან უკრაინის მოქალაქეები, როდესაც მათი სახელმწიფოს ელჩი ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს იმ სახელმწიფოს და ხელისუფლების მისამართით, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. გასაგებია, რომ ეს არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა. ეს არის შეურაცხყოფა და უბინძურესი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ამას არ წამოვეგებით“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.