იაგო ხვიჩია: NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ღიად არ აფიქსირებენ

იაგო ხვიჩია: NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ღიად არ აფიქსირებენ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია NDI-ის ახალ კვლევებს ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ტიპის კვლევებში პოლიტიკურ ნაწილს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანები ღიად არ აფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს.

„ზოგადად, ასეთი ტიპის კვლევებით არასდროს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში. შეიძლება ამ კვლევებში სხვა რაიმე იყოს საინტერესო, ხალხის განწყობის გაგება. ზოგადად შენ თუ ვერ ახერხებ კვლევებში გაიგო ადამიანების განწყობაზე უფრო მეტი, ვიდრე ის, რომ ექვსმა [პროცენტმა] „ნაცები“ დაასახელა და 23-მა, თუ 25-მა „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, ამ კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. ფაქტია, ადამიანები არ გეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ“, - აცხადებს ხვიჩია.

NDI-ის ახალი გამოკითხვით, წინა კვლევასთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. შეკითხვაზე, – საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 39% ამბობს, რომ არცერთი პარტია, 25% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“; უარი პასუხზე – 10%; არ ვიცი – 7%; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 6% ასახელებს; სხვა პარტიები – 13%.