NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

შეკითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს - კარგად, 39 პროცენტი ცუდად აფასებს, ხოლო გამოკითხულთა რვა პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გასული წლის აგვისტოში მონაცემები ასე გამოიყურებოდა: კარგად - 41 პროცენტი, ცუდად - 51 პროცენტი, არ ვიცი - 7 პროცენტი.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ცნობით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა.

პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 14 პროცენტი კარგად აფასებს, 45 პროცენტი - საშუალოდ, 32 პროცენტი - ცუდად, ხოლო გამოკითხულთა ხუთი პროცენტი აფიქსირებს პასუხს - არ ვიცი.

გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებდა გამოკითხულთა 12 პროცენტი, საშუალოდ - 43 პროცენტი, ცუდად - 40 პროცენტი.

დეკემბრის კვლევის შედეგებით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 31 პროცენტი, საშუალოდ - 36 პროცენტი, ცუდად - 27 პროცენტი, მაშინ როდესაც გასული წლის აგვისტოში პრემიერის საქმიანობას კარგად აფასებდა 28 პროცენტი, საშუალოდ - 33 პროცენტი, ცუდად - 35 პროცენტი.

დეკემბრის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ - 50 პროცენტი, ცუდად - 31 პროცენტი, მაშინ როდესაც აგვისტოს მონაცემები ასე გამოიყურებოდა - პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებდა 9 პროცენტი, საშუალოდ აფასებდა 45 პროცენტი და ცუდად - 41 პროცენტი.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.