საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში ადგილის მონაცვლეობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს.
„ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციის კრიტიკისთვის. ეს უდავოა. ამის შემდეგ „ტრანსპარენს ინთერნეიშენალის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა თუ აცხადებს და ასეთ შეფასებებს აკეთებს, რომ უკუსვლას აქვს ადგილი და ა.შ. ეს არის მცდელობა, რომ თვალში ნაცარი შეაყარონ ადამიანებს. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, აქ აშკარად იგრძნობა, რომ რამდენიმე პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი მუშაობს ამ დაწესებულებაში“, - აცხადებს სარჯველაძე.
„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.