პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული.
„რაც შეეხება უშუალოდ ჯანმთელობის მდგომარეობას, ამის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებულია. რა ინფორმაციაც შეიძლება, საზოგადოებას მიეწოდებოდეს, არის ღია. მათ შორის, ყველასთვის ცნობილია სასამართლოსთან დაკავშირებული პერიპეტიები. ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც უტარდება მკურნალობა. ვიღაც აცხადებს, რომ რეანიმაციაში გადაჰყავთ. ხომ შეიძლება თქვას, რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ განცხადებას? მგონია, რომ ადგილი აქვს ანონსების წინასწარ გამოცხადებას და შემდეგ ამის მძევლები ხდებიან – ცდილობენ ამ ანონსების გამართლებას და ფაქტების დეფიციტის შევსებას. ამ შემთხვევაში სააკაშვილის გარემოცვის მიზანია აჟიოტაჟის შექმნა. საჭირო თუ გახდება სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანა თუ პალატაში დატოვება, ამის თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.