გელა ნიკოლაიშვილი: დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს სააკაშვილთან დაკავშირებით თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც იყო საკამათო

გელა ნიკოლაიშვილი: დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს სააკაშვილთან დაკავშირებით თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც იყო საკამათო

დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს თავიანთი ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, რაზეც ხელს აწერდნენ. ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც ასე თუ ისე იყო საკამათო. მაგალითად, საკვების მიღებასთან, წონის კლებასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ არასწორად გამოვიდა შიმშილობიდან, ზედმეტ საკვებს იღებდა, თუმცა შემდეგ წონამ მოიმატა, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში მათი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან კი მეორე მხარის მოწმეების დაკითხვები დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და ამ პოზიციებზე უნდა იდავონ. უნდა წარმოჩნდეს მეორე მხარის პოზიცია, ასევე სამედიცინო ექსპერტის. დაცვის მხარის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ამ კვირაში მათი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან ალბათ ჩვენი მოწმეების დაკითხვა დაიწყება. თუ რაიმე წინააღმდეგობა არის, და რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები ორივე მხარის დასკვნებს შორის, აქ მეორე მხარის ექსპერტებსაც უნდა დავუსვათ კითხვა. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვიტყვით, დაცვის მხარე თავის სიტყვას იტყვის და საბოლოო ჯამში, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელი მხარეა სწორი“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გამართულ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაკითხნენ.