გურამ მაჭარაშვილი: USAID-ის ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა

გურამ მაჭარაშვილი: USAID-ის ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა

ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი შეერთებული შტატებიდან ფინანსდება, ისიც ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც სხვადასხვა პროექტი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა. მათი სურვილები იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი დაამყარონ, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები არასამთავრობო სექტორის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება, ნიშნავს, რომ ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემა გარე ძალების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

„ითხოვენ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ის პრინციპით უნდა მიიღებოდეს, რაც თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ მათი წარმომადგენლების - ე.წ. არასამთავრობო სექტორის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. ეს უკვე გააკეთეს უკრაინაში, ალბანეთში, ახლა კი მოლდოვაში აკეთებენ იმავეს. პრაქტიკულად, იქაური მართლმსაჯულების სისტემა თავის თავს ვეღარ აკონტროლებს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.