საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი კვლავ სუსტად არის.
„სუსტად არის. მიჭირს მისი ყურება ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მიჭირს. ვერაფრით ვცნობ ჩემს შვილს. წონაში იკლებს ყოველდღე“,- განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ ვერ დაესწრება.
„სასამართლო პროცესი ჩანიშნულია სამშაბათისთვის. ვნახოთ, რა იქნება. არ მგონია დაესწროს, სრულიად გამორიცხულია, მე რომ მკითხოთ. ვერაფერს მოახერხებს, რადგან მაშინ უნდა აფხიკონ ადამიანი, მიაყუდონ რაღაცას. მის შემდეგ წნევა ეწევა და იწყება უარესი პრობლემები, ვიდრე არის. რაც აქვს, უკვე საკმარისია“,- აღნიშნა ალასანიამ.
„მაგნიტსკის სიაზე“ დასმულ კითხვაზე კი გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ის ამაში არ მონაწილეობს და არც სააკაშვილი ფლობს ინფორმაციას სიაში შესულთა შესახებ.
„არ ვიცი, მე არ ვიღებ მონაწილეობას. საერთოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ არამარტო მე, ჩემმა შვილმაც არაფერი იცის. თქვენი ინტერესიდან გამომდინარე, მე ვკითხე მას და არაფერი იცის. ვინ იქნება სიაში. ესეც არ იცის“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინონ.
„აპირებენ თითქოს გამოძიებას, რაღაც მასალებს აქედან ელოდებიან, ალბათ. არ ვიცი ეგეც, მაგრამ ის ვიცი ზუსტად, რომ უკრაინელებს ძალიან უნდათ, გადაარჩინონ ეს ადამიანი. უკრაინელებმა ძალიან დაუფასეს ის, რაც მათთვის გააკეთა, განსხვავებით საქართველოსგან“,- განაცხადა გიული ალასანიამ.