საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პატიმრის ყველა უფლება ზედმიწევნით არის დაცული.
„შეშფოთებას რაც შეეხება, მიზეზებს, დაკვირვებას, ინტერესს, ამაზე მე ყოველთვის ვამბობ, რომ ინტერესი რასაკვირველია დიდია მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ყველა მიკროსკოპით აკვირდება პროცესებს და ეს ასეც უნდა იყოს. ეს მერწმუნეთ, არის დამატებით ფაქტორი, რომ ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ ყველა ინტერესით აკვირდება ამ პროცესს და არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ეს არის დასტური იმისა, რომ ნებისმიერი საპატიმრო უფლება, რომელიც გააჩნია პატიმარს, [მიხეილ სააკაშვილს] ზედმიწევნით აკურატულად და სრულფასოვნად არის დაცული“, - განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.