ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა რუმინეთში, სადაც ოთხ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი, რომლითაც ჩვენ მომავალში უნდა ავაშენოთ შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც მოამარაგებს ევროკავშირს ელექტროენერგიით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან აქტიურად აშენებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს.
„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. მეორე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიმართულება, რომელსაც ჩვენ, სახელმწიფოს ყველა უწყება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვახორციელებთ, ეს არის ფიზიკური დაახლოება, ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ამ პროცესის. საქართველო ძალიან აქტიურად აშენებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა რუმინეთში, სადაც ოთხ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენ მომავალში უნდა ავაშენოთ შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც მოამარაგებს ევროკავშირს ელექტროენერგიით. სწორედ ჩვენი რეგიონიდან საქართველო და აზერბაიჯანი იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამ ელექტრო კაბელს უზრუნვეყოფენ შესაბამისი რესურსით. ჩვენ ეს პროექტი მასშტაბებით შეგვიძლია შევადაროთ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტს, რომელმაც საქართველოს მისცა უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია ჩვენს რეგიონში და სწორედ ეს პროექტიც მომავალში ნამდვილად გახდება ასეთი მასშტაბის. როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირის, ევროპის ენერგო უსაფრთხოებას, საქართველო ხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ფიზიკური კონტრიბუტორი. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველით ამ პროექტის სხვადასხვა მოსამზადებელი ფაზის დასრულებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფიზიკური სამუშაოები და საქართველო გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.