ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტებს ახალ საცხოვრებელთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დავბრუნდი ერთ-ერთი ობიექტიდან, სადაც ვიმყოფებოდი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად. მინდა გაცნობოთ, რომ შესაბამისი დასკვნის შემთხევაში აღნიშნულ ობიექტზე დაიწყება თანამედროვე სტანდარტების, 400 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაშიც თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე ასეული სტიპენდიატი სტუდენტი, რომლებსაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით 2013 წლიდან გაიცემა. ტრადიციულად, წელსაც, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, ყველაზე მეტი დაფინანსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო.
„ეს ჩვენი სტუდენტების ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. თსუ-ში ყველაზე მეტი სტიპენდიატია. შეხვედრაზე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები, საკმაოდ კრიტიკული კითხვებიც. მე დავპირდი მათ, რომ მომავალშიც გვექნება დიალოგის რეჟიმი სტუდენტებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
სტიპენდია გათვალისწინებულია ბაკალავრიატის საფეხურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. სტიპენდიის მოპოვებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აკადემიურ მოსწრებას (100 ქულიანი შეფასების სისტემით 80-95 ქულა ფაკულტეტების მიხედვით). აგრეთვე, ყურადღება ექცევა სამეცნიერო აქტივობას: ნაშრომების გამოქვეყნებას, კონფერენციებში მონაწილეობას.
შეხვედრის დროს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და აღენიშნათ ის საჭიროებები, რომელიც ამ ეტაპზე გააჩნიათ.
„როგორც სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. რექტორის უშუალო ჩართულობა, ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტუდენტების დიდი ნაწილისათვის. მან გაამახვილა ყურადღება სტუდენტების საჭიროებებზე და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ამ ყველაფერს შეასრულებს,“-განაცხადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ბიბიჩაძემ.
შეხვედრის მნიშვნელობასა და განხილულ თემებზე ისაუბრა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა დავით მხეიძემ : „ჩემი აზრით, რექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს არა ბიუროკრატიულ საწყისებს, არამედ, პირად, უშუალო ურთიერთობებს. დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ საშუალება გვქონდა გვესაუბრა ჩვენს საჭიროებებსა და იმ საკითხებზე, რომელიც გვქონდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.“
შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ სტუდენტების სამეცნიერო და სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად მომავალი სემესტრიდან დაიბეჭდება სტუდენტური შრომები, გაიზრდება სტუდენტური საუნივერსიტეტო კონფერენციების რიცხვი და უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთვება საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.