საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელი რეფორმების პროგრესულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის’’ ორტომეულის პრეზენტაციაზე. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, „მნიშვნელოვანია 1918-1921 წლის მოვლენების სიღრმისეული ანალიზი და შესწავლა. რადგან ის ნაბიჯები, რომელიც იმ ეპოქაში გადაიდგა იყო ძალიან აქტუალური და საინტერესო. განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა სფეროში იმ დროს განხორციელებული რეფორმები წინ უსწრებდა მაშინდელ მსოფლიო რეალობას.“
,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის’’ ორტომეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია, ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის’’ შექმნა, რაც ამ ეტაპზე გულისხმობდა ორი წიგნის გამოცემას.
პირველ წიგნში ,,სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი’’ შესულია ნოე ჟორდანიას ,,ნაციონალური კითხვა ჩვენში’’ და ,,ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში’’, აკაკი ჩხენკელის ,,სახელმწიფო და ერი’’, ირაკლი წერეთლის ,,მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური?’’ აგრეთვე, სპეციალურად ამ წიგნისთვის ქართულად თარგმნილი ოტო ბაუერის ნაშრომები წიგნიდან ,,სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი’’ (,,თანამედროვე სახელმწიფო და ერი’’, ,,ეროვნების პრინციპი’’, ,,ავსტრია, როგორც გერმანული სახელმწიფო’’, ,,ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება’’, ,,თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი’’, ,,სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები’’, ,,მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები’’), ჟან ჟორესის ,,ინტერნაციონალი და სამშობლო’’, ერნესტ რენანის ,,რა არის ერი?’’
მეორე წიგნში შესულია ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება ,,სამშობლო, ციხეები, გადასახლება’’ და ,,რუსი რევოლუციონერები 1908 წლის ჟენევაში’’ - ორივე ტექსტი ამ გამოცემისთვის ფრანგულიდან პირველად ითარგმნა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზებას. გვსურს, რომ ამ პერიოდის სრულყოფილად შესწავლას შევუწყოთ ხელი და, შესაბამისად, სტუდენტების დაინტერესებასაც ამ ეპოქით. ამ გამოცემაში თავმოყრილია სოციალ-დემოკრატთა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პოლიტიკოსთა, თეორეტიკოსთა ნაშრომები. პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დახმარებით,“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - ,,ერთი დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (1918-1921)'' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ელენე დარეჯანაშვილს (თბილისის 22-ე საჯარო სკოლა), მარიამ კაციაშვილს (სკოლა „ოქროს აკვანი“) და ნინო ნეფარიძეს (სკოლა „ოქროს აკვანი") სერტიფიკატები გადაეცათ. „ასეთ კონკურსებში მონაწილეობა წინსვლაში გვეხმარება და შემდგომი განვითარებისთვის მოტივაციას გვაძლევს. 1918-1921 წლების ისტორიაზე წერა ძალიან საინტერესო იყო. მადლობა უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის,“-განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ელენე დარეჯანაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზებას.