ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ლტოლვილთა დანიის საბჭოს ხელმძღვანელმა ვინსენტ დონტონმა მნიშვნელოვანი კოლექცია გადასჩა საჩუქრად. ტაციტუსის, სენეკას, ჰეროდოტეს, ჰომეროსის, ვირგილიუსის მე-19 საუკუნის რარიტეტული გამოცემები ფრანგულ, ბერძნულ და ლათინურ ენებზე თსუ ბიბლიოთეკის მრავალმილიონიან ფონდს შეემატა.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა იცოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აქ მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ. კერძოდ, ის, რომ აქ ისწავლებოდა და ისწავლება ანტიკური ლიტერატურა, ბერძნული და ლათინური ენები და სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათ ეს საჩუქარი,“-განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
კოლექციის ისტორია 1920 წლიდან იწყება, როდესაც ერთ-ერთმა არისტოკრატმა ოჯახმა - ბინოშების ოჯახმა ბრეტონში სახლი შეიძინა. ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახლი მემკვიდრეობით დარჩა კოლეტ ბინოშს.
კოლეტ ბინოშის მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს, რომ ლათინურ-ფრანგული კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაეცათ, რადგან მათ გაარკვიეს, რომ თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის კათედრა უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე (1918 წ.) გაიხსნა. მიმართულების აკადემიური შემადგენლობა დღესაც წარმართავს კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით სტუდენტთა მომზადებას სწავლების სამივე საფეხურზე.
ოჯახს დახმარება გაუწია ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა, რომელმაც თავად ჩამოიტანა საქართველოში აღნიშნული კოლექცია: „საქართველოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ჩემმა მეგობრებმა თავისი წინაპრების კოლექცია - 2 ათასზე მეტი წიგნი გამომატანეს საქართველოში. მათ შევთავაზე, რომ ეს წიგნები გადმოეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.“
ღონისძიებას დაესწრნენ თსუ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე ლეონორა ფუნდი და სხვა მოწვეული სტუმრები.