ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიახლოებაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ პროფესიული გადამზადების აკრედიტირებული პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის სფეროებში ევროპული ხარისხის მომსახურების დანერგვა. „ეს ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ასევე, ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობას. ამისათვის საჭიროა როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების არსებობა, ასევე, ამ ტექნოლოგიების შესაბამისი კომპეტენციითა და ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. აქედან გამომდინარე, განხორციელებულმა პროფესიულმა პროგრამამ დიდი წვლილი შეიტანა ამ სფეროს განვითარებაში,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ და ყურადღება გაამახვილა ამ პროექტის გაგრძელების აუცილებლობასა და მასში სამხრეთ საქართველოს რეგიონის ჩართვაზე.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ოთხ უნივერსიტეტში ხორციელდება - თსუ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულების დასაქმებას.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო და უნივერსიტეტებში მოეწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. ოთხივე უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროფესიული გადამზადების პროგრამამ ლაბორატორიულ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაში წარმატებით გაიარა განხორციელების უფლების მოპოვების პროცესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიიღო სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკრედიტაცია.
„ლაბორატორიული ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია. პროექტი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეივსოს ვაკუუმი შრომის ბაზარზე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პროგრამის მომზადებაში, აკრედიტაციაში, მოვიპოვეთ პროგრამის განხორციელების უფლება და ის აპლიკანტები და მსმენელები, რომლებიც ამ პროგრამას ასრულებენ, იღებენ სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებზე უკვე დიდი მოთხოვნაა როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში,“-აღნიშნა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორმა კახა ჭეიშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო სხვადასხვა ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი, მათ შორის: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ბენეფიციარი რეგიონული უნივერსიტეტები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული უნარების სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამსაქმებლები და სხვა. შეხვედრაზე პროექტის გუნდმა სტუმრებს გააცნო შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები.
„პროგრამა ეხმარება არამარტო ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ეძებენ სამსახურს ლაბორატორიული მომსახურების სფეროებში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ჩართულები არიან სხვადასხვა ლაბორატორიულ მუშაობაში, როგორც კვების, ასევე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ამუშავდა სადემონსტრაციო ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო წიგნი. რაც მთავარია, შეიქმნა ბაზა იმისათვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გადამზადებული ტრენერები, რომლებიც წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც და მოწვეულ პედაგოგებსაც, მზად არიან გააგრძელონ პროგრამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის მდგრადობისთვის,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ინასარიძემ.
ღონისძიებაზე პროგრამის კურსდამთავრებულებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მონაწილეებსა და დამსაქმებლებს შორის გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საერთო მიზნის მისაღწევად - პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. „ვფიქრობ, ლაბოლატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ცოდნა სავალდებულოა იმათთვის ვინც ჩართულია ლაბორატორიულ საქმიანობაში. ეს საკითხი კარგად გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში. აღნიშნულმა კურსმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს კურსი ძალიან დიდ მოწონებას და ნდობას იმსახურებს დამაქმებლის მხრიდანაც,“- განაცხადა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის სტუდენტმა მარიამ გოგიბერიძემ.