წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია თსუ-ში

წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია თსუ-ში

„გრიგოლ ფერაძის მასშტაბის საზოგადო მოღვაწით ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო იამაყებდა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ  წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს საქართველოსა და პოლონეთის წინაშე გაწეულ წმინდანის ღვაწლზე ესაუბრა. „გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო ნაშრომები უნიკალურია და იმ ეპოქის გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელშიც წმინდანი მოღვაწეობდა. სიმბოლურია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ერთდროულად მივაგებთ პატივს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენცია „წმინდანის დაბრუნება“ გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ვიდეო კადრებით გაიხსნა, რომელშიც კათალიკოს-პატრიარქმა წმინდა გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ასევე,  ნაჩვენები იყო ნაწყვეტი „წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირის“ მიერ 2012 წელს მომზადებული ფილმიდან „წმინდანის აუხდენელი ოცნება.“

„საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი გრიგოლ ფერაძის სხვა ადამიანის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში და სხვის გადასარჩენად გაწირა თავი. დღეს ამ ტრაგიკული დღიდან 80 წელი გავიდა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. გრიგოლ  ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მასშტაბის პიროვნება იყო წმინდანი,“ - აღნიშნა თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭეიშვილმა.

კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.“

გრიგოლ ფერაძე 1918-1921 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი. იგი თეოლოგიური ცოდნის მისაღებად, 1921 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ, გერმანიაში გაგზავნა, სადაც ფილოსოფიის დოქტორი გახდა. იგი ქართული ეკლესიის ისტორიაზე ლექციებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა, იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. 1929 წელს ქართული დიასპორის თხოვნით ევროპაში პირველი ქართული მართლმადიდებელი წმინდა ნინოს ეკლესია დააარსა. 1931 წელს გრიგოლ ფერაძე ბერად აღიკვეცა. მას კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოში დაბრუნების უფლება არ მისცა, ამიტომ წმინდანმა სიცოცხლის ბოლო წლები პოლონეთში გაატარა. ფაშისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, გრიგოლ ფერაძე დაიჭირეს და ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. 1995 წლის 17 სექტემბერს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.