მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხარან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხარან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელია ადამიანები იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ისმის კითხვა, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, ამას ვერავინ პასუხობს.

„ერთი წელი გავატარეთ იმ ამბავში, რომ დადიან ადამიანები და იძახიან ხმამაღლა, რომ სააკაშვილი არის მომაკვდავი, რომ მას არ აქვს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პრობლემები აქვს ამ მიმართულებით. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, თხოვნებისა, დაჟინებული მოთხოვნებისა, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ გვითხარით, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია ზოგადად, რომელიც სჭირდება ამ კაცს და რომელსაც ის ვერ ღებულობს საქართველოში საპატიმრო დაწესებულების პირობებში, გვითხარით ეს და ვერავინ ამ დრომდე ამას ვერ ამბობს. დღეს გაჩნდა ის უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცენტრი „ემპათია“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.