ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. თსუ სენატის წევრთა არჩევნები 7 ფაკულტეტსა და 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.
სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 74 წევრი, აქედან: 32 - აკადემიური პერსონალი, 26 -სტუდენტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე.
თსუ 2022 წლის წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 96 კანდიდატი, აქედან: 35 პროფესორი, 43 სტუდენტი და 18 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.
თსუ სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.