თსუ აკადემიური საბჭო სრულად დაკომპლექტდა

თსუ აკადემიური საბჭო სრულად დაკომპლექტდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის პროფესორებმა, აგრეთვე, ფაკულტეტების საბჭოში შემავალმა სტუდენტებმა თსუ აკადემიური საბჭოს წევრები აირჩიეს. პროფესორებმა და სტუდენტებმა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად, 3 ვაკანტურ ადგილზეც აირჩიეს აკადემიური საბჭოს წევრები. თსუ 7 ფაკულტეტსა და ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში გამართული არჩევნების შედეგად აკადემიური საბჭო სრულად დაკომპლექტდა. თსუ აკადემიური საბჭო დღეს, სრული შემადგენლობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას თავმჯდომარეობით შეიკრიბა.

თსუ აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა 38 წევრია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭოს 21 წევრი წარმოადგენს 7 ფაკულტეტს (თითო ფაკულტეტიდან 3-3 წევრი), თითო-თითო წევრს ირჩევენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები (სულ 16 ასეთი ინსტიტუტია თსუ-ში) და რექტორი, რომელიც არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.