დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და განახლებადი ენერგიების  წახალისების პოლიტიკასა და ხელშემწყობ მექანიზმებზე ისაუბრა. 
დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა საინვესტიციო კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.  

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია და ვმასპინძლობთ 30-მდე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელს, ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს. განახლებადი ენერგიების  კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინვესტორებს მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული კონფერენცია ამის საუკეთესო შესაძლებლობაა. 

განახლებადი ენერგიების განვითარების მიზნით თანმიმდევრულად ვითარდება საკანონმდებლო- მარეგულირებელი ბაზა.  მათ შორის, საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონი, 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“, ასევე „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია“, რატიფიცირებულია ,,განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საგენტოს (IRENA) სტატუტი“.

საყოფაცხოვრებო მიმართულებით განახლებადი ენერგიის მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სემეკმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნორმატიული აქტი მიიღო. კერძოდ, დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი, ნეტო-აღრიცხვის ხელშეწყობისათვის მიკროსიმძლავრის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 100-დან 500 კილოვატამდე, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართვიდან  შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლებულია გატარება-დისპეჩირების საფასურისგან, მომხმარებელთა ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა ჯგუფურად მოაწყოს განახლებადი ენერგიის წყარო, დაინერგა ვირტუალური ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი. ამ რეფორმებიდან გამომდინარე,   მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ ჯამში 20 მგვტ-ს გადააჭარბა. 

საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და მეტი ადგილობრივი წყაროს შექმნის ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სხვა საკითხებთან ერთად სემეკი მუშაობს განახლებადი ენერგიის სადგურების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ახალ წესზე, რომელსაც უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას. 

26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია იმართება. კონფერენციას მასპინძლობს სემეკი, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.