მემორანდუმი თსუ-სა და რაგბის კავშირს შორის

მემორანდუმი თსუ-სა და რაგბის კავშირს შორის

საქართველოს რაგბის კავშირის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა რაგბისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება მწვრთნელთა ჯგუფი, რომელიც რაგბიში ახალგაზრდების სამოყვარულო თუ პროფესიული კუთხით ჩართვაზე იზრუნებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცოტა ხნის წინ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემელაძემ და თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ მოაწერეს.

„რაგბის კავშირთან ხელშეკრულება გაფორმება არის დასტური იმისა, რასაც უნივერსიტეტი აკეთებს. ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის,უ რაგბის, როგორც სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობის პოპულარიზაცია. მემორანდმის მიხედვით თსუ-ის ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების რაგბის ორი მოედანი, ერთი ხელოვნური და მეორე ბუნებრივი საფარით. ჩვენი მიზანია, რომ გაიზარდოს ახალგაზრდა სპორტსმენების ახალი თაობა. ვფიქრობთ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს თსუ რაგბის გუნდს და ის დიდება, რომელიც ჰქონდა საუნივერსიტეტო რაგბის და, განსაკუთრებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, დაუბრუნდება. ბოლო წლებში ძალიან დიდი მიღწევები გვქონდა თსუ სპორტსმენებს ფუტსალში, კალათბურთში, ახლა არის რაგბის ჯერი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპორტულ ჯგუფებში ჩართულ სტუდენტებს სათანადო საგანმანათლებლო განრიგით უზრუნველყოფს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის თქმით, ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ორი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენება უნივერსიტეტის ხელშეწყობით. „ამ სტადიონების არსებობა უმნიშვნელოვანესი იქნება უნივერსიტეტისთვისაც, რომელიც განათლებული და ჯანმრთელი ახალგაზრდების გაზრდას უწყობს ხელს. მსგავსი სტადიონების ნაკლებობას განიცდის ქართული რაგბი, არ გვაქვს საწვრთნელი ბაზები.  ეს იქნება ერთ-ერთი პოპულარული ადგილი. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვეცდებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უსწრაფესად აშენდეს მოედნები. მადლობა უნივერსიტეტს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვისა და ქართული რაგბის ხელშეწყობისთვის,“- აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.

თსუ-სა და რაგბის კავშირს შორის ხელშეკრულება 13 ოქტომბერს დაიდო. მემორანდუმის მიზანი საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის სახეობის - რაგბის ხელშესაწყობად საუნივერსიტეტო კლუბებისა და ტურნირების განვითარებაა.